გერმანული მედია - რამდენიმე ქვეყანა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას უახლოვდება
გერმანული გამოცემის, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ცნობით, რამდენიმე ქვეყანა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას უახლოვდება.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, ნატო-ს სამიტამდე გაფორმდეს, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება. საუბარია გარანტიების მრავალმხრივ სისტემაზე გარდამავალი პერიოდისთვის, ანუ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციამდე.
გერმანული გაზეთის ცნობით, შესაბამისი ხელშეკრულება გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებთან თითქმის მზად არის.
გამოცემის ინფორმაციით, უსაფრთხოების გარანტიების აღნიშნული პაკეტი გულისხმობს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, ასევე ითვალისწინებს უკრაინელი მეომრებისთვის საჭირო წვრთნების ჩატარებას.