გერმანული მედია - გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრესიული ტესტირებისა და მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლის მომხრეა
გერმანული მედია - გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრესიული ტესტირებისა და მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლის მომხრეა

გერმანული მედიის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისას სამხრეთ კორეაში აპრობირებული მეთოდების მომხრეა.

საუბარია ზომებზე, რომელიც მოქალაქეთა აგრესიულ ტესტირებასა და ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების გადაადგილების კონტროლს ითვალისწინებს.

როგორც გერმანული გამოცემები იუწყება, აღნიშნული მეთოდების დანერგვა აუცილებელი იქნება იმ დროს, როდესაც გერმანიაში დღეს დაწესებული მკაცრი შეზღუდვები მოიხსნება.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გერმანიაში ჩატარებულ კვლევაში განხილულია მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი. მათ შორის ერთ-ერთი მოქალაქეთა სწრაფი ტესტირების მობილური ლაბორატორიების გახსნასა და ინფიცირებულთა მკაცრ იზოლაციას ითვალისწინებს.

„იმისთვის, რომ ტესტირება უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს, აუცილებელი იქნება მოქალაქეთა მონაცემების და ლოკაციის კონტროლი“, – წერს „შპიგელი“. ამავე კვლევით, მსგავსი მკაცრი ზომების შენარჩუნებისთვის სულ მცირე ორი თვე იქნება საჭირო.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ასეთი მოდელის დანერგვის შემთხვევაში გერმანიაში კორონავირუსით ერთი მილიონი ადამიანი დაინფიცირდება, თუმცა მხოლოდ 12 000 დაიღუპება.

მოვლენების ყველაზე ნეგატიური სცენარით განვითარების შემთხვევაში კი, როდესაც ხელისუფლება მკაცრ ზომებს არ მიიღებს, დაინფიცირდება მოქალაქეების 70%, რომელთაგან უმრავლესობას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდება და ბევრ ინტენსიური თერაპიაზე უარს ეტყვიან. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში, გერმანიაში გარდაცვლილთა რიცხვმა შესაძლოა, ერთ მილიონსაც კი მიაღწიოს.