გერმანული მედია განმარტავს, რა პერიოდს ეკუთვნის ოლაფ შოლცის განცხადება უკრაინის ნატო-ში 30 წლის შემდეგ გაწევრიანების შესახებ
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კომენტარმა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი კიდევ 30 წელი არ გახდება, რუსულ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია, რაზეც კანცლერს განმარტებების გაკეთება მოუწია, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
საუბარია კვირას ბერლინში, ოლაფ შოლცის მოქალაქეებთან შეხვედრაზე, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება „მომდევნო 30 წელი არ არის მოსალოდნელი“. ამ ფრაზის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
თუმცა, როგორც გამოცემა „ბილდი“ წერს, კანცლერი 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობდა და ციტატაც ამ შეხვედრიდან იყო მოყვანილი. კერძოდ, შოლცმა გაიხსენა, რომ მაშინ ვლადიმერ პუტინი უკრაინის მიმართ აგრესიას ამართლებდა იმ მიზეზით, რომ „უკრაინა ნატო-ში წევრიანდებოდა“, რაზეც კანცლერმა თქვა, „მე მას ვუთხარი, რომ ეს გადაწყვეტილება ახლა დაუყოვნებლივ არ ხდება და, სავარაუდოდ, უახლოესი 30 წელი არ მოხდება“. თუმცა „რუსეთმა რამდენიმე დღეში უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და ვითარება სრულიად შეიცვალა. ნატო ახლა სერიოზულად განიხილავს უკრაინის გაწევრიანებას. გერმანიამ კი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო“, – წერს გერმანული გამოცემა „ბილდი“.