„ტაურუსის“ მწარმოებელი მზადაა, უკრაინელი სამხედროები გაწვრთნას, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ მისი გამოყენება
გერმანული ფრთოსანი რაკეტის, „ტაურუსის“ მწარმოებელი მზადაა, უკრაინელი სამხედროები გაწვრთნას, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ მისი გამოყენება. ამის შესახებ კომპანია MBDA Deutschland-ის ხელმძღვანელმა, ტომას გოთშილდმა ბავარიის ქალაქ შრობენჰაუზენში, კომპანიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია, გავწვრთნათ ადამიანები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც „ტაურუსის“ რაკეტებს იყენებენ, შეგვიძლია, ვასწავლოთ ამ სისტემის გამოყენება. ასე რომ, ჩვენი კლიენტი, ამ შემთხვევაში უკრაინა, ყველა ტექნიკურ უნარს აითვისებს, რათა დამოუკიდებლად გამოიყენოს და მართოს „ტაურუსი““, – განაცხადა ტომას გოთშილდმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ „ტაურუსის“ გაყიდვა და მისი გადაცემის ჩარჩოხელშეკრულების გაფორმება, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
ამავე პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ბავარიის პრემიერ-მინისტრი მარკუს ზედერი და მოუწოდა გერმანიის მთავრობას, გადასცეს უკრაინას „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი გერმანიის ინტერესებს შეესაბამება.
„ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტა 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედებს. ის აღჭურვილია რამდენიმე სანავიგაციო სისტემით და ამის გამო სიზუსტით გამოირჩევა. ტაურუსის მწარმოებელ კომპანია MBDA-ში წილს ფლობენ ავიამწარმოებელი Airbus-ი, ბრიტანული კომპანია BAE Systems-ი და ასევე იტალიური კონცერნი Leonardo.
ცნობისთვის, მანამდე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემას გამორიცხავს, რადგან მისი მართვა გერმანელი სამხედროების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს კი, ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინის უკრაინის კონფლიქტში ჩაბმის რისკებს აჩენს.