გერმანიისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურმა საქართველოში პირველი მობილური საკონსულტაციო ცენტრი გახსნა
გერმანიისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურმა საქართველოში პირველი მობილური საკონსულტაციო ცენტრი გახსნა

გერმანიისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურმა საქართველოში პირველი მობილური საკონსულტაციო ცენტრი გახსნა.

ცენტრი შორეული სოფლებისა და რთულად მისადგომი რეგიონების მოსახლეობას მოემსახურება.

მობილურ იურიდიულ დახმარებას მიიღებენ მაღალმთაში ან კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები ადამიანები, სადაც ადგილობრივი საკონსულტაციო ცენტრები ჯერ არ გახსნილა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მობილური იურიდიული დახმარების გუნდი თავის პირველ მოგზაურობაში, შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ზემო ნიქოზში გაემგზავრა.

როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამა განაცხადა, იურიდიული დახმარების სამსახური აგრძელებს უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„დღეს გერმანიის მთავრობისა და გაერო-ს პროგრამის მხარდაჭერით ამოქმედდა მობილური საკონსულტაციო ცენტრი. ეს უზრუნველყოფს ჩვენი სამსახურის სერვისების მიწოდებას იმ ტერიტორიაზე, სადაც ჯერ არ გვაქვს ოფისები და მოსახლეობას იმ ადგილებში, სადაც უჭირთ გადაადგილება, მოემსახურება სწორედ ეს ავტომანქანა, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, რათა კომფორტულად მოხდეს უფასო სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ აღნიშნული ტიპის დახმარება“, – განაცხადა დავით სიმონიამა.

ამასთან, როგორც საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს იურიდიული დახმარების პროგრამას დაახლოებით 1,6 მილიონი ევროთი.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და იურიდიული დახმარების სამსახურის ღონისძიებაზე. გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს იურიდიული დახმარების პროგრამას დაახლოებით 1,6 მილიონი ევროთი. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პარტნიორობა საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურთან, გაერო-ს განვითარების პროგრამასთან, რადგან კანონის უზენაესობა არის არსებითი დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, ცივილიზებული ქვეყნისთვის. კანონის უზენაესობა მუშაობს მაშინ, როდესაც კანონი არა მხოლოდ არსებობს, არამედ, როდესაც ეს კანონები გამოიყენება და ხალხს აქვს წვდომა სამართლებრივ სისტემასა და სასამართლოზე. ეს მიკროავტობუსი ივლის იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ სირთულეები წვდომასთან დაკავშირებით მათი ადგილმდებარეობის, სამართლებრივი სისტემის შესახებ მათი ცოდნის, შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ან სხვა მიზეზებით და მათ აქვთ სამართალის მიღწევის, მათი უფლებების ცოდნის, მათი უფლებების გამოყენების პრობლემები. ეს არის ძალიან კონკრეტული დახმარება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ჰქონდეთ წვდომა კანონის უზენაესობაზე. დავამატებდი, რომ უსაფრთხოდ, მტკიცედ და ეჭვგარეშე ფუნქციონირებადი კანონის უზენაესობა, სახელმწიფო და სასამართლო სისტემა არის ევროკავშირის წევრობის არსებითი პირობა. ეს არის ასევე წვლილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში და ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურს“, – განაცხადა ელჩმა.