გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირს საკუთარი ბირთვული იარაღი სჭირდება
გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს ესაჭიროება საკუთარი ბირთვული იარაღი.
გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ფიშერი მოუწოდებს ევროპას რუსეთის შეკავებისკენ, მათ შორის, ბირთვული იარაღით.
„უნდა ჰქონდეს თუ არა გერმანიას ბირთვული იარაღი? არა. ევროპას? დიახ. ევროკავშირს ესაჭიროება საკუთარი ბირთვული პროგრამა“, – აღნიშნავს გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.
იოშკა ფიშერი პარტია „კავშირი-90/ მწვანეების“ წევრია, რომელიც დაფუძნების დღიდან ბირთვულ განიარაღებას უჭერს მხარს. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეესაბამება მისი შეხედულება პარტიის პოზიციას, ფიშერი პასუხობს: „მსოფლიო შეიცვალა. პუტინი დაკავებულია ბირთვული შანტაჟით“. მისვე თქმით, დასავლეთ ევროპის ქვეყნების მფლობელობაში არსებული ბირთვული არსენალი არ იქნება საკმარისი.
იოშკა ფიშერი ასევე ამბობს, რომ ევროპამ უნდა განამტკიცოს საკუთარი უსაფრთხოება და უნდა იყოს მზად აშშ-ის მხარდაჭერის შემცირებისთვის.
„იმედი მაქვს, რომ აშშ და ევროპა მოკავშირეებად დარჩებიან, მაგრამ რა მოხდება, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს? ასეთი სცენარის გათვალისწინებით, ევროპა სერიოზულად უნდა დაფიქრდეს რუსეთის შეკავების საკითხზე“, – განაცხადა ფიშერმა.
იოშკა ფიშერმა ასევე მოუწოდა გერმანიის მთავრობას, კონვენციური შეიარაღების წარმოებაში დააბანდონ ინვესტიციები.
„ჩვენ უნდა აღვადგინოთ შეკავების საკუთარი პოტენციალი. ვიდრე ჩვენს მეზობლად რუსეთია, რომელიც მიჰყვება პუტინის იმპერიულ იდეოლოგიას, ჩვენ რუსეთის ასეთი შეკავების გარეშე ვერ დავრჩებით“, – განაცხადა იოშკა ფიშერმა.