გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდების ცალმხრივად დაბლოკვას უარყოფს და აცხადებს, რომ მთავრობა მზად არის, გადაწყვიტოს ეს საკითხი, თუ მოკავშირეების კონსენსუსი იქნება
გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდების ცალმხრივად დაბლოკვას უარყოფს და აცხადებს, რომ მთავრობა მზად არის, გადაწყვიტოს ეს საკითხი, თუ მოკავშირეების კონსენსუსი იქნება

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უარყოფს, რომ ბერლინი უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებას ცალმხრივად ბლოკავს. როგორც პისტორიუსი აღნიშნავს, მთავრობა მზად არის, სწრაფად გადაწყვიტოს ეს საკითხი, თუ მოკავშირეებს შორის კონსენსუსი იქნება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ პისტორიუსმა გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისას მედიასთან განაცხადა.

„არსებობს კარგი არგუმენტები როგორც მიწოდების სასარგებლოდ, ისე საწინააღმდეგოდ და ომის გათვალისწინებით, რომელიც თითქმის ერთი წელია, მიმდინარეობს. ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ძალიან გულდასმით უნდა შეფასდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

ევროპის რამდენიმე ქვეყანა გერმანიას მოუწოდებს, დართოს ნებართვა უკრაინისთვის გერმანული წარმოების ტანკების მიწოდებაზე.