გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ბერლინს არ შეუძლია, შეცვალოს ყველა ტანკი, რომელიც უკრაინაში მწყობრიდან გამოდის
ბერლინს არ შეუძლია, შეცვალოს ყველა ტანკი, რომელიც უკრაინაში მწყობრიდან გამოდის, – ამის შესახებ განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა იმ ტანკის გამოცვლას, რომელიც ახლა მწყობრიდან გამოდის, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის უფრო მეტი გარემონტებული ტანკის მიწოდება ივლისიდან და შემდგომაც. წლის ბოლომდე მათი რიცხვი იქნება ასზე მეტი“, – განაცხადა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ომის ბუნება ისეთია, რომ იარაღი ნადგურდება და ადამიანები კვდებიან. მისივე განაცხადებით, სწორედ ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
მან ასევე თქვა, რომ უკრაინისთვის გერმანული ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხი ამ ეტაპზე არ დგას და უკრაინას პირველ რიგში სჭირდება „F-16“-ის ტიპის გამანადგურებლები.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი მელნიკმა თქვა, რომ უკრაინის კონტრშეტევის ფონზე დანაკარგები არსებობს და უკრაინას სჭირდება გერმანული წარმოების მეტი ტანკი.