გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ბალტიის რეგიონში ნატოელ მოკავშირეებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, გერმანია მათ სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს, კისრულობს ლიდერის როლს
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია ბალტიის ქვეყნებს რუსული საფრთხისგან დაცვას ჰპირდება.
„გერმანიის ნატოელ მოკავშირეებს ბალტიის რეგიონში შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გერმანია მათ სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა ესტონეთის დედაქალაქში უსაფრთხოების საკითხზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, გერმანია იღებს პასუხისმგებლობას და კისრულობს ლიდერის როლს.
პისტორიუსის განცხადებით, ბერლინი ლიეტუვაში შეიარაღებული ძალების განთავსებასაც გეგმავს. კერძოდ, გეგმის მიხედვით, რომლის შემუშავებაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, გერმანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ლიეტუვაში მუდმივად 4 000-მდე სამხედროს განათავსებს მათ ოჯახებთან ერთად.