გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „პეტრიოტის“ სისტემების უკრაინაში პირდაპირ გაგზავნის შესახებ პოლონეთის მოთხოვნა ჯერ ნატო-ში უნდა განიხილონ
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „პეტრიოტის“ სისტემების უკრაინაში პირდაპირ გაგზავნის შესახებ პოლონეთის მოთხოვნა ჯერ ნატო-ში უნდა განიხილონ

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, პოლონეთის მოთხოვნა, „პეტრიოტის“ სისტემები პირდაპირ გაუგზავნონ უკრაინას, ჯერ ნატო-ში უნდა იქნას განხილული.

ლამბრეხტის თქმით, ნატო-ს თავდაცვითი სისტემების მისი ტერიტორიის მიღმა გამოყენებას ყველა წევრის თანხმობა სჭირდება.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ განცხადა, რომ ბერლინმა, პოლონეთის ნაცვლად, „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვითი სისტემები პირდაპირ უკრაინაში უნდა გააგზავნოს. აღნიშნული განცხადება პოლონეთმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიამ პოლონეთს სარაკეტო კომპლექსების განთავსებაში დახმარება შესთავაზა, რათა პოლონეთმა გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პოლონეთს შეეძლოს მოკავშირეებზე დაყრდნობა, რომლებიც მხარს დაუჭერენ ერთმანეთს, რთულ დროსაც, და განსაკუთრებით, პოლონეთს, რომელიც დაუცველ პოზიციაში აღმოჩნდა“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.