გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უკრაინა არ უნდა ენდოს პუტინის სიტყვებს მარცვლეულით დატვირთული გემებისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე
გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უკრაინა არ უნდა ენდოს პუტინის სიტყვებს მარცვლეულით დატვირთული გემებისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე

გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უკრაინა არ უნდა ენდოს ვლადიმერ პუტინის სიტყვებს მარცვლეულით დატვირთული გემებისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესახებ.

აღნიშნულის შესახებ ჯემ ოზდემირმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ოზდემირმა აღნიშნა, რომ იზიარებს უკრაინის სკეპტიციზმს რუსეთის დაპირებების მიმართ.

„პუტინის დაპირებების ნდობა, სანდო და ეფექტური სამხედრო გარანტიების გარეშე, უკრაინისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა. ვიდრე პუტინს დაბლოკილი აქვს საზღვაო გზა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და გავაძლიეროთ ყველა არსებული ალტერნატივა: გზები, რკინიგზები და მდინარე დუნაი “, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, უკრაინული ხორბლის ქვეყნიდან დუნაის გავლით გადატანის მცდელობის გასაძლიერებლად, გერმანია გამოყოფს ახალ სახსრებს იზმაილში ლაბორატორიული ობიექტების გაფართოების დასაფინანსებლად, რომელიც მდებარეობს მდინარის ნაპირზე რუმინეთის საზღვრის მახლობლად. ამასთან, ოზდემირის განმარტებით, საზღვაო მარშრუტები შავ ზღვაზე რჩება საუკეთესო გზად მარცვლეულის ექსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი ალტერნატივა მხოლოდ მეორეხარისხოვანი იქნება და აღნიშნულ პრობლემას ვერ გადაჭრის.

„რკინიგზა, საავტომობილო ან მდინარის ტრანსპორტი ვერ გადაჭრის ამ პრობლემას. მთავარი საკითხია, დავეხმაროთ უკრაინას გახდეს სუვერენული და დამოუკიდებელი და დაუბრუნდეს მსოფლიო ბაზარს“, – განაცხადა ოზდემირმა.