გერმანიის შსს-მ ქვეყანაში მუსლიმებზე თავდასხმების სტატისტიკა წარადგინა
გერმანიაში 2017 წელს მუსლიმებსა და მუსლიმურ დაწესებულებებზე 950 თავდასხმა განხორციელდა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ეს მონაცემები გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლებს წარუდგინა.
სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. ამ თავდასხმებიდან 60 მეჩეთებზე განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიის მთავრობამ ანტიისლამური ქმედებების შესახებ მონაცემების შეგროვება დაიწყო, ამიტომ ანგარიშში მოყვანილი ციფრები წინა წლების მონაცემებთან შედარება შეუძლებელია. თუმცა გერმანიის მუსლიმთა ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელი აიმან მაზიეკი გერმანულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მუსლიმებისა და ისლამური დაწესებულებების წინააღმდეგ თავდასხმები გახშირდა.
სამინისტროს მონაცემებით, გერმანიაში მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილ თითქმის ყველა დანაშაულზე პასუხისმგებლები მემარჯვენე რადიკალები იყვნენ.