გერმანიის შს მინისტრი - საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი არ გაიზარდოს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მაიზიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ უფრო არ გაიზარდოს. ამის შესახებ ტომას დე მაიზიერმა ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა შემაშფოთებელია. საქართველოს მთავრობა ამის შესახებ ინფორმირებულია და აკეთებს ყველაფერს, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო არ გაიზარდოს.
ჩვენ მოხარული ვართ საქართველოსთან თანამშრომლობით იმ პირების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვა. ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა განვიხილოთ ევროკომისიასთან შედეგები, თუ მოვლენების ამგვარი განვითარება გაგრძელდება“, – განაცხადა ტომას დე მაიზიერმა.
ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები უსაფრთხოება და მიგრაციაა. მინისტრები ყურადღებას გაამახვილებენ არსებული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე იმ ზომებზე, რომელთა განხორციელებაც შესაძლოა, საჭირო გახდეს.