გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად მასშტაბური ტერაქტის აღკვეთა მოხერხდა.
მაიზიერის თქმით, ეჭვმიტანილი, რომელიც დღეს დილით დააკავეს, ერთ-ერთ ქალაქში რამდენიმე ტერაქტის მოწყობას ერთდროულად გეგმავდა, რასაც, შესაძლოა, იმაზე მეტი მსხვერპლი მოჰყოლოდა, ვიდრე აქამდე ევროპაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს.
„დიდი მადლობა სპეცსამსახურებს, რომელთაც დაუზარელი შრომის შედეგად, მოახერხეს მისი ადგილმდებარეობის დადგენა. როგორც ირკვევა, იგი ტერაქტისთვის რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას გეგმავდა, რისთვისაც აუცილებელი მასალა მას უკვე შეძენილი ჰქონდა. ამ მასალის ნახევარზე მეტი ონლაინ, ინტერნეტით შეიძინა“, – განაცხადა ტომას დე მაიზიერმა.
დღეს დილით გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 19 წლის პირი იამენ ა. კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. იგი სირიის მოქალაქეა. ეჭვმიტანილი რადიკალური ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფების, თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიური მიმდევარია.
ჯერ უცნობია, ჰყავს თუ არა ეჭვმიტანილ პირს გერმანიაში თანამზრახველები. ასევე, უცნობია, გერმანიის რომელი ქალაქი ჰქონდა მას შერჩეული ტერაქტის სამიზნედ.