გერმანიის შრომის ფედერალურ სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების სამუშაო პირობები არსებული სტანდარტების შესაბამისად გამოსწორდება
გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე საქართველოს პირველმა არხმა გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალურ სამინისტროს მიმართა.
როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გერმანიიდან გამოგზავნილ პასუხშია აღნიშნული, „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტრო, შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სეზონური დასაქმებულების უსაფრთხო და მიმზიდველი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, მათ ჯანდაცვას. შესაბამისად, მით უფრო სამწუხაროა, ქართველი სეზონური დასაქმებულების მიერ გამოთქმული საჩივარი, რომელიც თქვენ წარმოგვიდგინეთ. ეს საჩივრები დაუყოვნებლივ იქნა გამოძიებული“.
მათივე ცნობით, დასაქმების ფედერალური სააგენტო მჭიდრო კონტაქტზეა საქართველოში გერმანიისა და გერმანიაში საქართველოს საელჩოებთან, საქართველოს დასაქმების სამსახურთან, რომელმაც აღნიშნულ საქმეს მიაქციეს ყურადღება.
„ჩართული ინსტიტუტები მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა გამოსავალი რაც შეიძლება მალე მოიძებნოს. სამუშაო პირობები, რომლებიც თქვენ აღწერეთ, დაუყოვნებლივ გამოსწორდება არსებული სტანდარტების შესაბამისად. გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო აღნიშნულ საკითხს ყურადღებით დააკვირდება. ზოგადი წესით, კომპეტენტური რეგიონული ორგანოები, სადაზღვევო ინსტიტუტები და არადეკლარირებადი სამუშაოების საბაჟო განყოფილება პასუხისმგებელნი არიან ინდივიდუალურ ინსპექტირებასა და კონტროლზე. ვინაიდან, დასაქმებულები გერმანიაში ახლახანს შემოვიდნენ, მათ სავარაუდოდ ანაზღაურება ჯერ არ მიუღიათ. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ პირველ ანაზღაურებას. ანაზღაურებასთან დაკავშირებული საჩივრები თუ არ შეწყდება წარდგენილი ინფორმაციის მიუხედავად, მაშინ ჩაერთვება არადეკლარირებადი სამუშაოს საბაჟო განყოფილება.
აღწერილ შემთხვევაში თუ გრძელვადიანად არ მოხდება შრომითი ურთიერთობების ან სამუშაო პირობების გაუმჯობესება, დასაქმების ფედერალური სააგენტო მუშებს დამსაქმებელს შეუცვლის. მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ გერმანიაში მკაცრად უნდა იყოს დაცული შრომითი ხელშეკრულებისა და საკანონმდებლო დებულებები, მაგალითად, შრომის უსაფრთხოებასთან, ჰიგიენასთან, სამუშაო პირობებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით. აღნიშნულს მონიტორინგს უწევენ კომპეტენტური უწყებები. შრომითი ხელშეკრულება არის ინსტრუმენტი სამართლიანი და გამჭვირვალე წესების მისაღწევად, დასაქმების შესაბამისი პროცესის უზრუნველსაყოფად, რომელიც სეზონური მუშების ინტერესებს უპასუხებს. რა თქმა უნდა, ეს ითვალისწინებს, რომ გერმანიაში სამუშაო პირობები შეესაბამებოდეს არსებულ მოთხოვნებს“ , – აღნიშნავს გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალური სამინისტრო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც გერმანიაში დასაქმების სპეციალური პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეები არასათანადო სოციალურ პირობებში იმყოფებიან.