გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი - არჩევნების წინ გერმანიამ უნდა გააძლიეროს თავდაცვა კიბერთავდასხმების, დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან
არჩევნების წინ გერმანიამ უნდა გააძლიეროს თავდაცვა კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია ციფრულ მსოფლიოში. ჩვენ უნდა შევიარაღდეთ ჰაკერული თავდასხმების, მანიპულაციებისა და დეზინფორმაციის საფრთხეების წინააღმდეგ. ეს ჰიბრიდული საფრთხეები უმთავრესად მომდინარეობს პუტინის რეჟიმისგან, თუმცა ასევე სხვა აქტორებისგან“, – განაცხადა ფეზერმა, რომელმაც დაცვის ზომების გაძლიერების პირობა დადო.
ოლაფ შოლცის სამპარტიული კოალიციის დაშლის შემდეგ გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ვადამდელი არჩევნების თარიღად 23 თებერვალი შეათანხმეს.