გერმანიის სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის ექსტრადირება შეაჩერა და კატალონიის ექსპრეზიდენტი გირაოთი გაათავისუფლა
გერმანიის სასამართლომ აჯანყების ბრალდება კარლეს პუიჩდემონის ექსტრადირებისთვის საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია და კატალონიის ექსპრეზიდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
კარლეს პუიჩდემონს გირაოს სახით 75 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
შლეზვიგ-გოლშტეინის სასამართლოს განცხადებით, პუიჩდემონის წინააღმდეგ ესპანეთში კვლავ არსებობს კორუფციის მუხლით ბრალდებები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გერმანიამ ექსტრადირება ამ ეტაპზე შეაჩერა და ბოლომდე არ გამოურიცხავს.
გერმანიის სასამართლო კატალონიის ყოფილი ლიდერის ექსტრადირების საკითხს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილავდა.
პუიჩდემონი 25 მარტს ბერლინში მას შემდეგ დააკავეს, რაც მის წინააღმდეგ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო დაკავების ორდერი გასცა. პუიჩდემონსა და კატალონიის ყოფილი მთავრობის 24 წევრს ოფიციალური მადრიდი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. მათგან 13-ს ბრალი უკვე წაუყენეს.
კატალონიის ყოფილ ლიდერს, რომელმაც ხუთი თვის წინ ბელგიას შეაფარა თავი, სამშობლოში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.