გერმანიის სამხრეთში გადაუღებელი წვიმის გამო წყალდიდობაა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბავარიაში, ქალაქ აუგსბურგთან ახლოს, სადაც მდინარე ნაპირიდან გადმოვიდა და სარკინიგზო ხიდი დააზიანა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე რაიონში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დატბორილია რამდენიმე დასახლებული პუნქტი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაზარალებულ რეგიონებში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლები. დროებით შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა მიუნხენს, ციურიხს, ულმსა და აუგსბურგს შორის.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უხვი ნალექი დღეს ისევ არის მოსალოდნელი ტურინგიაში, ბავარიის ჩრდილოეთში და ბადენ-ვიუტემბერგის სამხრეთ ნაწილში. დასახლებული პუნქტების ნაწილში ევაკუაციაა გამოცხადებული.