გერმანიის საგარეო უწყება - საქართველომ კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი გადადგა წარმატებული დემოკრატიული განვითარების პროცესში
საქართველომ კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი გადადგა წარმატებული დემოკრატიული განვითარების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა.
საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოში გერმანიის საელჩომ გაავრცელა.
„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა კვირას, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც გზას უხსნის საზოგადოების ფართო წრისათვის მისაღებ საარჩევნო სისტემას 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამგვარად, საქართველომ კიდევ ერთი დადებით ნაბიჯი გადადგა წარმატებული დემოკრატიული განვითარების პროცესში.
შეთანხმება წარმოადგენს სამთვიანი მოლაპარაკებების შედეგს, რომლებსაც ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვუჭერდით მხარს. ის ფაქტი, რომ საბოლოოდ ყველა მხარემ გამოიჩინა დათმობებზე წასვლის მზადყოფნა, იმედის მომცემია.
საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომლებზეც პარტიები შეთანხმდნენ, შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი განვითარებისა და პოლიტიკურ სისტემაში სხვადასხვა იდეებისა და რწმენის წარმოდგენაში“, – აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებაში.
ამასთან, გერმანიის საგარეო უწყება ყველა მხარეს მოუწოდებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ცვლილებების განხორციელებაში.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებაში და გაითვალისწინონ ეუთოს/ოდირის 2018 წლის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები“, – აღნიშნულია განცხადებაში.