გერმანიის საგარეო უწყება - აშშ-ის მხრიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის შელახვაა
გერმანიის საგარეო უწყება - აშშ-ის მხრიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის შელახვაა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის შელახვაა. ამის შესახებ განცხადება გერმანულ სააგენტოებთან საუბრისას ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გააკეთა.

მანამდე გერმანულმა გაზეთებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ბერლინი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად-2-ის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესაძლებლობას უარყოფითად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ, აშშ-ის კონგრესში სანქციების გაფართოება იგეგმება.

ამჯერად, შეზღუდვები შეეხება არა მხოლოდ მილების გაყვანაში მონაწილე ფირმებს, არამედ იმ კომპანიებს, რომლებიც პროექტს იურიდიულ, სადაზღვევო და საპორტო მომსახურებას უწევენ.

კანონპროექტი, რომელიც სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა, ტომ კოტონმა, რონ ჯონსონმა, ჯონ ბრასომ და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარადგინეს.

სანქციების ასამოქმედებლად კანონპროექტი კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს და შემდეგ მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა, პროექტში ჩართული ევროპული კომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო შეჩერებულია.

2019 წლის დეკემბერში მიღებული სანქციები იმ ფირმებზე და მათ წარმომადგენლებზე ვრცელდება, ვინც გაზსადენის ასაშენებლად პროექტის მონაწილეებს, სხვადასხვა მასალებითა და აღჭურვილობით ამარაგებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-მა ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს. იმ ქვეყნებმა, რომელთა ტერიტორიულ წყლებში უნდა გაიაროს გაზსადენმა (შვედეთი, ფინეთი, გერმანია, დანია) შესაბამისი ნებართვა უკვე გასცეს.

აშშ და ევროპის ქვეყნების ნაწილი რუსული გაზსადენის გაყვანის წინააღმდეგი არიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთის ბუნებრივ აირზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.