გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ზონაში შეტაკებების განახლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ზონაში შეტაკებების განახლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„გვაქვს ინფორმაცია მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან მსხვერპლის შესახებ ორივე მხარეს. მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეტაკებები, განსაკუთრებით სოფლებისა და ქალაქების მიმართ ცეცხლი შეწყდეს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ მოლაპარაკებების გზითაა შესაძლებელი“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბერლინი აცხადებს, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა და მოუწოდებს მხარეებს, შეწყვიტონ ძალადობა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.