გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი ისრაელში ჩავიდა. თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში გერმანელ დიპლომატს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბი აშკენაზი დახვდა.
როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, აშკენაზიმ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას „სოლიდარობის ვიზიტისთვის“ და გერმანიის მთავრობას კონფლიქტის დროს ისრაელის მხარდაჭერისთვის.
ისრაელში ჰაიკო მაასი ასევ შეხვდება თავდაცვის მინისტრს, ბენი განცს და პრეზიდენტს, რეუვენ რივლინს.
როგორც გერმანული მედია წერს, ჰაიკო მაასი ასევე ჩავა პალესტინის ტერიტორიებზე. რამალაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრა აქვს დაგეგმილი პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შტაიესთან.
გერმანიის საგარეო უწყების განცხადებით, პოლიტიკური მოლაპარაკებები შეეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციას და ძალადობის შეწყვეტისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას.
ისრაელში დღეს ასევე ჩეხეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ელოდებიან.