გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბირთვული შეიარაღების გამო გლობალური მშვიდობა საფრთხის წინაშეა
ბირთვული შეიარაღების გამო გლობალური მშვიდობა საფრთხის წინაშეა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
საუბრისას ჰეიკო მაასმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ახალი გამალებული შეიარაღების რისკის წინაშე დგას.
სიტყვით გამოსვლის დროს გერმანელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2 აგვისტოს სრულად ეთიშება.
აშშ-ის და საბჭოთა კავშირის ლიდერების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ რუსეთი ხელშეკრულების პირობებს არღვევს, სწორედ ამიტომ დოკუმენტიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანელი დიპლომატის განმარტებით, გამალებული შეიარაღების სცენარის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ბირთვული ძალის მქონე ქვეყნებთან დიალოგის წარმოება. მათ შორის ჰეიკო მაასმა ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა დაასახელა.