გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-სა და ევროპას ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე კვლავ განსხვავებული შეხედულებები აქვთ 
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-სა და ევროპას ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე კვლავ განსხვავებული შეხედულებები აქვთ 

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით კვლავ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გერმანელი დიპლომატი ვაშინგტონში სტუმრობამდე იმედოვნებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვების შემდეგ ვაშინგტონი ევროპასთან მოქმედების კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმდებოდა.

ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ დონალდ ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა. 21 მაისს კი სახელმწიფო მდივანმა ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების დაწესება დააანონსა. მოთხოვნები ბირთვულ საკითხთან ერთად, ირანის მხრიდან რეგიონში არსებული პოლიტიკის შეცვლაც არის.

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას ევროკავშირი არ იზიარებს. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ბირთვული პრობლემის ჩაშლამ შესაძლოა, სხვა გლობალური საკითხების გამწვავება გამოიწვიოს.