გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე დაგვიანებული რეაგირების გამო აკრიტიკებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე დაგვიანებული რეაგირების გამო აკრიტიკებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე დაგვიანებული რეაგირების გამო აკრიტიკებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ინტერვიუში ჰაიკო მაასი აღნიშნავს, ჩინეთმა ძალიან ავტორიტარულ ზომებს მიმართა, აშშ კი ვირუსს დიდი ხნის განმავლობაში უგულვებელყოფდა.

„ეს არის ორი უკიდურესობა, რომელთაგან ვერც ერთი ვერ იქნება მოდელი ევროპისთვის“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ გერმანია ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც აშშ „ველური დასავლეთის“ ტაქტიკაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ის ბლოკავს ტვირთების მიწოდებას მყიდველებისადმი, რომლებმაც მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის შესახებ კონტრაქტები უკვე გააფორმეს.

მაასის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ კორონავირუსის კრიზისის ფონზე, აშშ თავის საერთაშორისო ურთიერთობებს გადააფასებს.

ჰაიკო მაასი მიიჩნევს, რომ ქვეყნის აგრესიულმა სავაჭრო პოლიტიკამ შესაძლოა დააზარალა მისი შესაძლებლობები, შეიძინოს დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა.