გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამჟამინდელ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია
ამჟამინდელ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუმინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, ამჟამინდელ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია. როგორც მრავალ რუსს, ჩვენც გვსურს, ვიხილოთ მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთი, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს თავისი მეზობლებისთვის. თუმცა, მოდით, ნუ გვექნება ილუზიები, ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, ამოცანა უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი საერთო უსაფრთხოების მუდმივ საფუძველზე გაძლიერება“, – თქვა გერმანელმა დიპლომატმა.
ანალენა ბერბოკის განცხადებით, დასავლეთი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას, ვიდრე გრძელდება სასტიკი აგრესიული ომი და საერთაშორისო სამართლის დარღვევები, რადგან უკრაინა ევროპის თავისუფლებასაც იცავს.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ მის გვერდით ვიქნებით იარაღით, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.