გერმანიის საელჩო - ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ეს შთამბეჭდავი მიღწევა საჯარო ფინანსების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგია
ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ 100 ქულიდან 87 ქულით მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ქვეყნის ეს შთამბეჭდავი მიღწევა საჯარო ფინანსების სფეროში გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია, როგორიცაა, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესება, პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვა, ანგარიშვალდებულების გაზრდა, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, საბიუჯეტო დოკუმენტაციის გამოქვეყნება, მოქალაქეთა გზამკვლევების მომზადება და სხვა დაკავშირებული ღონისძიებები.
გერმანიის განვითარების თანამშრომლობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) სხვა პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას საჯარო ფინანსების მართვის კუთხით რეფორმების გატარებაში, განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.