გერმანიის რეგიონული არჩევნების წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ლიდერობს
გერმანიაში რეგიონული არჩევნების წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა თიურინგიაში და მეორე ადგილზე გავიდა საქსონიაში.
ხმის დათვლის შემდეგ წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ თიურინგიაში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 32,8 % მოაგროვა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს.
მეორე ადგილზე ხმების 23,6%-ით კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირი“ გავიდა. მას მოჰყვება ახლად დაარსებული მემარცხენე პარტია „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ ხმების 15,8%-ით.
სუსტი შედეგები აჩვენეს გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა. კანცლერ ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 6,1 პროცენტი მიიღო. „მწვანეებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
საქსონიაში, წინასწარი შედეგებით, გამარჯვება „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ მოიპოვა, რომელსაც ამომრჩეველთა 31,9%-მა დაუჭირა მხარი, მას მცირედით ჩამორჩება „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელსაც ხმების 30,6 პროცენტი აქვს. მესამე ადგილზე გასულ „სარა ვაგენკნეხტის კავშირს“ ამომრჩეველთა 11,8%-მა მისცა ხმა.
ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ საქსონიაში ხმების 7,3 % მოიპოვა, „მწვანეებმა“ კი – 5,1%.
ეს შედეგები ნიშნავს, რომ აღნიშნულ რეგიონებში მთავრობის ფორმირების პროცესი რთული იქნება. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ აცხადებს, რომ ულტრამემარჯვენე პარტიასთან, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კოალიციის ჩამოყალიბებას არ აპირებს.
რეგიონული არჩევნები ფედერალურ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გაიმართა.
ბუნდესტაგის არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერს გაიმართება.