გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი აცხადებს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის კენჭისყრამდე პოლიტიკური საკითხების განხილვა უნდა შეწყდეს
გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი აცხადებს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის კენჭისყრამდე პოლიტიკური საკითხების განხილვა უნდა შეწყდეს

გერმანიის ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ 16 დეკემბრამდე, როდესაც ბუნდესტაგში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს, პოლიტიკური საკითხების განხილვა უნდა შეწყდეს.

„ჩვენ არ გვაქვს ნდობა ამ კოალიციის მიმართ ან იმის მიმართ, რაც მისგან დარჩა. ჯერ უნდა დადგეს ნდობის საკითხი, გაეცეს მას პასუხი და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ერთობლივ გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა მერცმა.

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს უნდა გაიმართოს. მანამდე, 16 დეკემბერს ბუნდესტაგში კენჭი უნდა უყარონ მთავრობისადმი ნდობის საკითხს.

გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს კანცლერმა ოლაფ შოლცმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.