გერმანიის ქალაქ კიოტენში 22 წლის გერმანელის მკვლელობის შემდეგ მოსახლეობამ საპროტესტო აქციები გამართა
აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ კიოტენში 22 წლის გერმანელის მკვლელობის შემდეგ ულტრამემარჯვენეებისა და ანტიფაშისტების საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. არეულობის თავიდან ასაცილებლად ქალაქში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გაამკაცრეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი, მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.
BBC-ის ინფორმაციით, გერმანელი ახალგაზრდა ავღანელებთან ჩხუბის დროს დაიღუპა. თუმცა, მისი გარდაცვალების მიზეზი არა ჩხუბის დროს მიღებული თავის ტრავმა, არამედ გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი ავღანელი.
9 სექტემბერს გარდაცვლილის პატივსაცემად კიოტენში მოსახლეობამ მსვლელობა გამართა და სანთლები დაანთო. ასევე, აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს სიმშვიდის დაცვისკენ მოუწოდეს. მანამდე კი, ქალაქში საპროტესტო აქცია ნეონაცისტური ჯგუფის წევრებმა გამართეს. ულტრამემარჯვენეების დემონსტრაციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
დაახლოებით სამი კვირის წინ, ანალოგიური ინციდენტი ქალაქ კემნიცში მოხდა. 35 წლის გერმანელის მკვლელობისთვის პოლიციამ სირიელი და ერაყელი დააკავა. მკვლელობას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.