გერმანიის პრეზიდენტი პოლიტიკური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას ითხოვს
გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პოლიტიკური მოტივით ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ზრდის წინააღმდეგ უფრო გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვს. გერმანიის პრეზიდენტმა ეს განცხადება პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლებთან შეხვედრისას გააკეთა.
შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ საზოგადოება, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ვრცელდება და რომელიც დუმილით აკვირდება მომხდარს, მალე აღარ იქნება დემოკრატიული.
„აი, რატომ არ შეიძლება თვალის დახუჭვა“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაც, შტაინმაიერის განცხადებით, საშინელი ტენდენციაა.
ამავდროულად, შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ არსებული სიტუაცია არ შექმნილა ერთ დღეში, არამედ თანდათანობით ყალიბდებოდა ენის გაუხეშების, შემაკავებელი ზღვრების შემცირების, დისკუსიებში შეურიგებლობის ზრდის, საზოგადოების ცალკეული ჯგუფების გაუფასურებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობის გზით. მისივე თქმით, ასეთ სიტუაციაში იწყება „დემოკრატიის ეროზია“.
გერმანიის პრეზიდენტმა მოუწოდა საზოგადოებას, გააძლიეროს ძალისხმევა პოლიტიკური ძალადობის წინააღმდეგ და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.
გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები. შეხვედრაში სულ მონაწილეობდა ცხრა ადამიანი, მათ შორის კასელში ხუთი წლის წინ მოკლული კონსერვატორი პოლიტიკოსის, ვალტერ ლიუბკეს ქვრივი, ბერლინში თანაკურსელების მიერ ნაცემი ებრაელი სტუდენტი ლახავ შაპირა და 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების დროს განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლი, სოციალ-დემოკრატი მატიას ეკე.
სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს გერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა და 60 000-ს შემთხვევას გადააჭარბა. ამ დანაშაულთა უმრავლესობა მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ იყო ჩადენილი.