გერმანიის პრეზიდენტი - ჩვენი ქვეყანა, საიდანაც ერთ დროს ბოროტება წარმოიშვა, წლების განმავლობაში შეიცვალა, საერთაშორისო წესრიგისთვის საფრთხის ნაცვლად, მის დამცველად იქცა, ამიტომ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მშვიდობიანი წესრიგი ჩვენ თვალწინ დაიშალოს
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, გერმანიის მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, მეტად ფხიზლად იყვნენ იმ ბოროტების წინაშე, რომელიც გერმანიაში ახალი იერით შეიძლება დაბრუნდეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის პრეზიდენტმა გამოთქვა მწუხარება, რომ ცერემონიას ვერ ესწრებოდნენ იმ ალიანსის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც ერთად დაამარცხეს ნაცისტური გერმანია. გერმანიის პრეზიდენტთან ერთად, ბერლინის მემორიალ Neue Wache-ში იმყოფებოდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი.
„შეიძლება, ამ მარტოობამ დაგვაბრუნოს 1945 წლის 8 მაისში, რადგან მაშინ გერმანელები მართლაც მარტონი იყვნენ ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებული, მორალურად განადგურებული. ჩვენ სამყაროს მტრად ვაქციეთ ჩვენი თავი“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
შტაინმაიერმა ასევე თქვა, რომ ახლა გერმანია ძლიერი დემოკრატიაა მშვიდობიანი და ერთიანი ევროპის შუაგულში, სარგებლობს ნდობითა და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგებით.
მიმართვისას შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ქვეყნა ახალი ტიპის ნაციონალიზმის ცდუნებების ფონზე ფხიზლად უნდა იყოს.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად ახალი ნაციონალიზმის ცდუნების წინაშე, ავტორიტარიზმით გატაცების, უნდობლობის, იზოლაციისა და ერებს შორის მტრობის, სიძულვილის, აგიტაციის, ქსენოფობიისა და დემოკრატიისადმი სიძულვილის წინაშე, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ ძველი ბოროტი სულებია ახალი იერით“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას დასძინა, რომ გერმანელები მოვალენი არიან, გათავისუფლდნენ ნაცისტური რეჟიმის აჩრდილისგან.
შტაინმაიერმა გამოსვლისას თქვა, რომ მართალია, ქვეყანა ახლა 8 მაისს თავისუფლების დღედ აღნიშნავს, თუმცა იმ დროისთვის გერმანელების დიდი ნაწილი ამას ასე არ აღიქვამდა და ქვეყნის ნაციზმისგან გათავისუფლებას და მის დაბრუნებას საერთაშორისო საზოგადოებაში წლები დასჭირდა.
„ჩვენი ქვეყანა, საიდანაც ერთ დროს ბოროტება წარმოიშვა, წლების განმავლობაში შეიცვალა და საერთაშორისო წესრიგისთვის საფრთხის ნაცვლად, მის დამცველად იქცა. ამიტომ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მშვიდობიანი წესრიგი ჩვენ თვალწინ დაიშალოს“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, 8 მაისი, როგორც მადლიერების დღე, ისე აღნიშნონ, რადგან სწორედ ამ დღეს გათავისუფლდა გერმანია ნაცისტური რეჟიმისგან.
„გერმანელებისთვის „აღარასდროს“ ნიშნავს „მხოლო აღარასდროს“-ს, ჩვენ გვინდა მეტი და არა ნაკლები თანამშრომლობა მსოფლიოში, ასევე პანდემიასთან ბრძოლაში“, – ამბობს გერმანიის პრეზიდენტი.
ცერემონიისას სიტყვით გამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასიც. მან მადლიერება გამოხატა იმ ქვეყნებისადმი, რომლებმაც გერმანია ისევ მიიღეს თავიანთ მშვიდობის ქვეყნების ოჯახში.