გერმანიის პოლიციამ ჯონ ლენონის სახლიდან მოპარული ასზე მეტი ნივთი იპოვა
გერმანიის პოლიციამ ჯონ ლენონის სახლიდან მოპარული ასზე მეტი ნივთი იპოვა, მათ შორის არის სამი დღიური.
ნაპოვნი ნივთების ჩამონათვალში, რომლებიც ბერლინის პოლიციის მთავარ სამმართველოშია დაცული, არის „ბითლზის“ კონცერტის ჩანაწერი, ორი სათვალე, ნოტების ფურცელი და სიგარეტის კოლოფი.
სამართალდამცავების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 58 წლის მამაკაცი, რომლის სახლის ჩხრეკის შემდეგ მოპარულ ნივთებს მიაგნეს.
საუბარია 2006 წელს ნიუ-იორკში ლენონის ქვრივის, იოკო ონოს სახლის გაქურდვის შემდეგ დაკარგულ საგნებზე.
ონომ ნივთების ავთენტურობა უკვე დაადასტურა.
ბერლინის პოლიციის ცნობით, ლენონის საკუთრების ქურდობის საქმეში მეორე ეჭვმიტანილიც არის, რომელიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ის ონოს მძღოლად მუშაობდა.
ლეგენდარული მუსიკოსის სამახსოვრო ნივთები, აუქციონზე გატანის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მაღალ ფასად გაიყიდება.
გასულ თებერვალს, ჯონ ლენონის ტყავის ქურთუკი ინგლისში 10 400 ფუნტად შეიძინეს.