გერმანიის პოლიცია რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საუბრობს
გერმანიის პოლიცია რუსეთში დაგეგმილი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ისლამისტების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საუბრობს.
ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი, გერმანიის კრიმინალური პოლიციის ოფისის მიერ მომზადებულ კონფიდენციალურ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უწყების დოკუმენტშია აღნიშნული, საფრთხეს წარმოადგენენ როგორც რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ისლამისტური სტრუქტურები, ისე სირიასა და ერაყში არსებული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებული რუსულენოვანი მებრძოლები.
ამას გარდა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ საფრთხე რუსი გულშემატკივრების მხრიდანაც მომდინარეობს. გამოცემა Bild-ი წერს, რომ ისინი ძალადობისა და რასიზმისკენ მიდრეკილებით არიან ცნობილი.
რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდება. ტურნირის ფარგლებში 64 მატჩი გაიმართება.