გერმანიის პარლამენტში „უსაფრთხო ქვეყნების" სიაში საქართველოს შეყვანის ინიციატივით გამოვიდნენ
გერმანიის პარლამენტში „უსაფრთხო ქვეყნების" სიაში საქართველოს შეყვანის ინიციატივით გამოვიდნენ

გერმანიის პარლამენტში „უსაფრთხო ქვეყნების” სიაში საქართველოს შეყვანის ინიციატივით გამოვიდნენ. ამის შესახებ განცხადება გერმანიის მმართველი კოალიციის, “ქრისტიან დემოკრატიული და ქრისტიან სოციალური კავშირის” ფრაქციის წარმომადგენელმა მათიას მიდელბერგმა გააკეთა.

მისი თქმით, ბუნდესტაგი კიდევ ერთხელ ეცდება, საქართველო და მასთან ერთად სამი აფრიკული სახელმწიფო ტუნისი, ალჟირი და მაროკო “უსაფრთხო ქვეყნებად” გამოაცხადოს.

მიდელბერგის თქმით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ ინიციატივას დეპუტატები მხარს დაუჭერენ.

„საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაული მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ბუნდესტაგში ამას გაითვალისწინებენ და ამჯერად უსაფრთხო ქვეყნების სია გაფართოვდება” – ამბობს მიდელბერგი.

მისივე განცხადებით, საქართველოსა და ჩამოთვლილი სამი აფრიკული სახელმწიფოს მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე, უმრავლეს შემთხვევაში, უარს ეუბნებიან, ხოლო ამ სახელმწიფოებისთვის “უსაფრთხო ქვეყნის” სტატუსის მინიჭებით მათი განცხადების განხილვისა და მოქალაქეთა სამშობლოში დეპორტაციის პროცესი დაჩქარდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს მთავრობამ თავად მოუწოდა ბერლინს, საქართველო “უსაფრთხო ქვეყნად” აღიაროს.