გერმანიის ოპოზიცია სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გავრცელების შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს
გერმანიის ოპოზიცია ახალმიღებული კანონის ანულირებას ითხოვს. საქმე ეხება 1-ელ იანვარს ძალაში შესულ კანონს, რომელიც სოციალური ქსელებით სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგაა მიმართული.
კანონის მიხედვით, სოციალურ ქსელებს 50 მილიონ ევრომდე რაოდენობის ჯარიმა შეიძლება დაეკისროთ, თუ სიძულვილის ენის შემცველ პოსტებს დროულად არ წაშლიან. გერმანიის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ კანონი ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Facebook-ი და Twitter-ი, ცენზურის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს აძლევს. ხოლო იმის გაკონტროლება, რომ სოციალურ მედიაპლატფორმებზე საჭიროზე მეტი კონტენტი დაიბლოკება, გერმანიის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, შეუძლებელი იქნება.
„ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ კერძო პროვაიდერებს ყოველთვის არ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. იმის გარჩევას, საეჭვო განცხადებები უკანონოა, სატირული, თუ უბრალოდ უგემოვნოდ გამოხატავს აზრს, სპეციალისტის ცოდნა სჭირდება“, – ამის შესახებ გერმანელი ოპოზიციონერების განცხადებაშია ნათქვამი.
მწვანეთა პარტიის წარმომადგენლის თქმით კი, დაუშვებელია, რომ გერმანიაში აზრის გამოხატვის თავისუფლებას ამერიკული კომპანიები აკონტროლებდნენ. მისი თქმით, კანონის მიხედვით, ამ კომპანიებს გარკვეული როლი უნდა ჰქონდეთ, თუმცა არა სასამართლოს როლი.