გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თურქეთისგან ელჩის ქვეყნიდან გაძევების შესახებ ოფიციალური ბრძანება არ მიუღიათ
გერმანიას თურქეთისგან ელჩის ქვეყნიდან გაძევების შესახებ ოფიციალური ბრძანება არ მიუღია. შესაბამისი განცხადება გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა გააკეთა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„რა თქმა უნდა, მედიით ვნახეთ პრეზიდენტ ერდოღანის განცხადება, თუმცა ჩვენ არ მიგვიღია ოფიციალური ცნობა ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შტეფან ზაიბერტმა.
თურქეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს ათი ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია რამდენიმე დღის წინ მისცა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა ინსტრუქცია, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს „პერსონა ნონ გრატად“ იმ ათი ქვეყნის ელჩები, რომლებმაც თურქი აქტივისტის, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. აღნიშნულ ელჩებს შორის თურქეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის მისიების ხელმძღვანელებიც არიან.
ათი ქვეყნის ელჩებმა რამდენიმე დღის წინ გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.