გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ ვაჭრობის საკითხის მოგვარების აუცილებლობაზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ, ითანამშრომლონ უკრაინაში ომის დასასრულებლად
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ ვაჭრობის საკითხის მოგვარების აუცილებლობაზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ, ითანამშრომლონ უკრაინაში ომის დასასრულებლად

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ვაჭრობისა და უკრაინაში ომის შესახებ ისაუბრა.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ შეთანხმებას მიაღწიეს ვაჭრობის საკითხის მოგვარების აუცილებლობაზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ ქვეყნებს, ითანამშრომლონ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით.

„ტრამპმა განაცხადა, რომ ის მტკიცედ მხარს დაუჭერდა გერმანიის ძალისხმევას, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან და სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მყარი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ტრამპმა კანცლერს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

„კანცლერმა მერცმა აშშ-ის პრეზიდენტს დაუდასტურა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება გერმანიის შეუცვლელ მეგობრად და პარტნიორად“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.