გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ კემნიცის აქციები ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ წააქეზა
გერმანიის სამართალდამცავი ორგანოს განცხადებით, ქალაქ კემნიცში ულტრა-ნაციონალისტების მიერ გამართული ანტიმიგრაციული დემონსტრაციები სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ, ე.წ. Fake News-ებმა გამოიწვია.
გერმანიის პოლიცია ამ წუთებში ათ დემონსტრანტს ეძებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ნაცისტური ჟესტით მიესალმნენ.
„ინტერნეტი დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე წლების წინ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ ამ ადამიანებში მიგრანტებისადმი აგრესია გააღვივა, რაც საბოლოო ჯამში, მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა“, – განაცხადა საქსონიის მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენელმა მიქაელ კრეჩმერმა.
25 აგვისტოს საღამოს ქალაქ კემნიცში თავშესაფრის ორმა მაძიებელმა – 21 წლის ერაყელმა და 22 წლის სირიელმა ფიზიკური დაპირისპირების დროს გერმანიის მოქალაქე, 35 წლის მამაკაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. ორივე მიგრანტი დაკავებულია.
მომხდარ ტრაგედიას კემნიცში ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა. აქციას ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ჯგუფები შეუერთდნენ. 6 000-კაციანი დემონტრაციის მთავარი მოთხოვნა მიგრანტების გაძევებაა. პოლიციამ აქციაზე ნაცისტური მისალმების ჟესტი რამდენჯერმე შენიშნა.
ნაციონალისტების დემონსტრაციის პარალელურად კემნიცში კონტრაქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ორი დამნაშავის გამო ომს გამოქცეული მიგრანტების გაძევება უსამართლობაა. კონტრაქციები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ძალადობის ადგილი გერმანიაში არ არის და დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა.