გერმანიის მთავრობა უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
გერმანიის მთავრობა უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მოთხოვნით გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის თანხის გამოყოფას.
დამატებითი დაფინანსება მოიცავს 2023 წელს 3,2 მილიარდი ევროს გამოყოფას, ასევე 8,8 მილიარდი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზებს 2024-2032 წლების პერიოდში.
„ამ თანხით უკრაინა შეძლებს გერმანიის მთავრობის მხადაჭერით შეიარაღების პირდაპირ შეძენას. მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც აუცილებელია“, – ნათქვამია კოალიციურ მთავრობაში შემავალი პარტიების წარმომადგენელი სამი პოლიტიკოსის განცხადებაში.
გერმანიის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებიდან გერმანიის მთავრობამ უკრაინის მხარდასაჭერად 14,2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო.