გერმანიის მთავრობა კარანტინის რეჟიმის მორიგ შემსუბუქებაზე შეთანხმდა
გერმანიის მთავრობა კარანტინის რეჟიმის მორიგ შემსუბუქებაზე შეთანხმდა

გერმანიის მთავრობა კარანტინის რეჟიმის მორიგ შემსუბუქებაზე შეთანხმდა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანიის კანცლერმა და ფედერალური მიწების მეთაურებმა კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმის მოხსნის გეგმა შეათანხმეს. პირველ ეტაპზე გახსნიან ბავშვების სათამაშო მოედნებს, თუმცა იმ პირობით, რომ მშობლები ბავშვების ჰიგიენის დაცვაზე იზრუნებენ და ბავშვების მასობრივ შეკრებას არ დაუშვებენ.

ამასთან, ცნობილია, რომ სათამაშო მოედნების გახსნის თარიღს გერმანიის თითოეულ რეგიონში ადგილობირვი მთავრობა განსაზღვრავს. ბერლინში ბავშვები მოედნებზე თამაშს პირველი მაისიდან შეძლებენ.

ასევე გადაწყდა, რომ გაიხსნება მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები, ზოოპარკები და ბოტანიკური ბაღები.

გერმანიაში ასევე დაშვებული იქნება რელიგიური მსახურების ჩატარება, რომელსაც მორწმუნეები დაესწრებიან, თუმცა მათი რაოდენობა შეზღუდული იქნება.

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას გერმანიის მთავრობა 6 მაისის შემდეგ მიიღებს. 6 მაისს დასახელდება გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების თარიღიც.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის მიწაზე დაწყებით სკოლებში სწავლა 11 მაისიდან განახლდება, თუმცა როტაციული პრინციპით და არა ყოველდღიურ რეჟიმში.

გერმანიის კანცლერის თქმით, რესტორნების, კაფეებისა და სასტუმროების გახსნის შესახებ მსჯელობა 6 მაისის სხდომაზე დაგეგმილი არ არის.