გერმანიის კრიმინალურმა პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტტროლების ჯგუფის წევრთა სახლებში ჩხრეკა ჩაატარა
გერმანიის ფედერალურმა კრიმინალურმა პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტტროლების NWO ჯგუფის საეჭვო წევრების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც კრიმინალური პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი, ჯგუფის წევრებს ბრალს სდებენ იმაში, რომ „მოქმედებდნენ, როგორც კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერები, რომლის მიზანიც იყო დანაშაულის ჩადენა“.
სხვა ბრალდებებს შორისაა სისტემატური კიბერბულინგი და კიბერდევნა.
ფრანკფურტის პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში ფედერალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ბავარიაში, ბერლინში, ბრანდენბურგში, ბადენ-ვიურტემბერგში, ჰესენსა და ქვემო საქსონიაში ათ ბინაში ჩაატარა ჩხრეკა.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ათი ეჭვმიტანილის მიმართ.
„გვინდოდა, ამ აქციით გვეჩვენებინა, რომ კიბერდევნის სფეროში არ განვიხილავთ მხოლოდ ცალკეულ დანაშაულებს, არამედ ვიღებთ ზომებს ჯგუფის, როგორც კრიმინალური ორგანიზაციის წინააღმდეგ, რადგან ის ასევე სისტემატურად და ორგანიზებულად მოქმედებს თავისი მსხვერპლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ფრანკფურტის პროკურატურასთან არსებული კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური სამმართველოს პრესსპიკერმა, ბენჯამინ კრაუზემ.