გერმანიის ხელისუფლება ქვეყნიდან დასასვენებლად გასული და შემდეგ ინფიცირებული მოქალაქეების სამშობლოში ტრანსპორტირებას არ განახორციელებს
გერმანიის ხელისუფლება საზღვარგარეთ დასასვენებლად წასული და შემდეგ ინფიცირებული მოქალაქეების სამშობლოში ევაკუაციას არ განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა გააკეთა.
გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, საზღვარგარეთ მოგზაურობისა და დასვენების დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.
„მოქალაქეებს, რომლებიც შვებულების საზღვარგარეთ გატარების დროს დაინფიცირდებიან, არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ჩვენ მათ შინ ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, საკონსულო, რა თქმა უნდა, დაეხმარება საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს, მაგრამ მათ გამოსაყვანად სპეციალურ ავიარეისს არ დანიშნავს.
15 ივნისს გერმანია ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან საზღვარს გახსნის. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდიდან შეძლებენ გერმანიის მოქალაქეები ევროკავშირის გარეთ მდებარე ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობას.