გერმანიისა და ავსტრიის საზღვრის სიახლოვეს მიგრანტებისთვის ე.წ. სატრანზიტო ცენტრები შეიქმნება
გერმანიისა და ავსტრიის საზღვრის სიახლოვეს შეიქმნება ე.წ. სატრანზიტო ცენტრები მიგრანტებისთვის, სადაც ის მიგრანტები მოხვდებიან, რომლებიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ჩავლენ გერმანიასა ან ავსტრიაში. შემდეგ კი მათ ევროკავშირის იმ სახელმწიფოში დააბრუნებენ, სადაც პირველად დაარეგისტრირეს. შესაბამისად, დუბლინის შეთანხმებით გაწერილი ვალდებულება შესრულებული იქნება. ამის შესახებ შეთანხმებას გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალმა „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ და „ქრისტიან სოციალურმა კავშირმა“ მიაღწიეს.
შეთანხმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას აღარ დატოვებს. ჰორსტ ზეეჰოფერმა ეს გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მიგრანტების საკითხზე კომპრომისის მიღწევის შემდეგ მიიღო.
როგორც გერმანიის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალმა „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ და „ქრისტიან სოციალურმა კავშირმა“ მიაღწიეს კომპრომისს, თუ როგორც უნდა ებრძოლონ გერმანიასა და ავსტრიაში არალეგალურ მიგრაციას.
გარდა ამისა, თუ ქვეყანა, რომელშიც მიგრანტი პირველად მოხვდა, ამ შეთანხმების შესრულებაზე უარს ამბობს და მიგრანტის დეპორტაცია ვერ ხერხდება, ასეთ პირებს გერმანიისა და ავსტრიის ტერიტორიაზე საერთოდ არ შეუშვებენ.
შეგახსენებთ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კვირას განაცხადა, რომ უახლოეს სამ დღეში თანამდებობას დატოვებს. ჰორსტ ზეეჰოფერი გასულ კვირას ევროკავშირის მიერ, მიგრანტების საკითხზე მიღწეული შეთანხმების, წინაააღმდეგ გამოდიოდა.
ევროკავშირის სამიტზე, 28-29 ივნისს მიგრანტების ნაკადის შეზღუდვის მიზნით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ, მათ შორის არის ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის უფლებამოსილების გაფართოება და ამ უწყების თანამშრომელთა რიცხვის გაზრდა, ასევე ჩრდილოეთ აფრიკაში მიგრანტებისთვის თავშესაფრების გახსნა, ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე ე.წ. დახურული ბანაკების შექმნა, სადაც მიგრანტები იმ დრომდე დარჩებიან, სანამ მათი განაცხადის განხილვა არ დასრულდება. გარდა ამისა, ესპანეთი და საბერძნეთი დათანხმდნენ, უკან მიიღონ ის მიგრანტები, რომლებიც უკვე რეგისტრირებულები არიან ევროკავშირის საერთო ბაზაში.