გერმანიის კანცლერის თანამდებობისთვის არმინ ლაშეტი და მარკუს სოდერი იბრძოლებენ
გერმანიის კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად მარათონში კონსერვატორები არმინ ლაშეტი და მარკუს სოდერი ჩაერთნენ. გერმანიის მმართველმა „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკმა ანგელა მერკელის შემცვლელის ასარჩევად შეხვედრა გამართა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კანცლერობის მთავარი კანდიდატები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრი არმინ ლაშეტი და ბავარიის პრემიერ-მინისტრი მარკუს სოდერი არიან.
ლაშეტი ანგელა მერკელის რჩეულად მიიჩნევა და ამჟამად ხელმძღვანელობს მის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“, ხოლო სოდერი ბავარიის „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ხელმძღვანელია, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ უახლოესი პოლიტიკური მოკავშირეა.
სოდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ემყარება იმას, რაც ქვეყნისთვის საუკეთესოა და არა კანდიდატების ინდივიდუალურ ამბიციებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, არმინ ლაშეტმა თქვა, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას მმართველ ბლოკში.
აღსანიშნავია, რომ „ქრისტიან-დემოკრატების კავშირის“ რეიტინგი შემცირებულია. პარტიამ მარტში რაინლანდ-პფალცისა და ბადენ-ვიურტემბერგის არჩევნებში ისტორიულად დაბალი შედეგები აჩვენა.