გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე - გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ფუნქციონირების შეჩერება შეუძლია
გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე - გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ფუნქციონირების შეჩერება შეუძლია

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის, არმინ ლაშეტის განცხადებით, გერმანიას მოსკოვიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერება შეუძლია, თუ რუსეთი დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს და პროექტს უკრაინაზე ზეწოლის მოსახდენად გამოიყენებს.

მისი თქმით, გერმანიას ყოველთვის შეუძლია, შეაჩეროს ეს პროექტი, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

არმინ ლაშეტი გერმანიის კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად განიხილება.

იგივე პოზიცია აქვს კანცლერობის კიდევ ერთ კანდიდატს, ფინანსთა მინისტრს ოლაფ შოლცს. მისი განცხადებით, ყველაფერს, რაც დააბრკოლებს ბუნებრივი აირის მიწოდებას და საფრთხეს შეუქმნის უკრაინის უსაფრთხოებას, ექნება თავისი შედეგები პროექტის დასრულების შემთხვევაშიც.

ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი გაზსადენის მშენებლობის 95 პროცენტი უკვე დასრულებულია და მისი ამოქმედება უკრაინას სატრანზიტო შემოსავალს უკარგავს.

„​ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დაძაბვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიხედვით, ენერგოდამოკიდებულების გაზრდით ევროპა რუსეთს მასზე გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევს.