გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარედ არმინ ლაშეტი დაამტკიცეს
გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარედ არმინ ლაშეტი დაამტკიცეს

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარედ არმინ ლაშეტი ოფიციალურად დაამტკიცეს. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა ხმების 83.35 პროცენტი მიიღო. არმინ ლაშეტმა კენჭისყრის შედეგს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ერთიანობის სიგნალი“ უწოდა და გამოთქვა მზადყოფნა დიალოგისთვის პარტიის ყველა წევრთან.

ვარაუდობენ, რომ სწორედ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალი ხელმძღვანელი გაიყვანს „კონსერვატორებს“ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამასთან, ჯერჯერობით არ არის გამორიცხული ვარიანტი, რომელიც პოსტების განაწილებას ითვალისწინებს – პარტიას შეიძლება, ხელმძღვანელობდეს ერთი ადამიანი, ხოლო კანცლერობის კანდიდატად მეორე ადამიანი დასახელდეს.

გერმანული მედიის ცნობით, კენჭისყრის შედეგი აძლიერებს ლაშეტის პოზიციას პარტიაში, თუმცა ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, რომ ის პარტიის სიას უხელმძღვანელებს. მარტში გაიმართება ფედერალური მიწის პარლამენტის არჩევნები ბადენ-ვიურტემბერგსა და რაინლანდ-პფალცში. სწორედ ეს არჩევნები გახდება ახალი ლიდერის მთავარი ტესტი და დიდი ალბათობით, განსაზღვრავს, იქნება თუ არა არმინ ლაშეტი კანცლერად წარდგენილი.