გერმანიის კანცლერის განცხადებით, არსებობს კონსენსუსი, რომ დასავლური შეიარაღება გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე და არა რუსეთზე თავდასხმისთვის
გერმანიის კანცლერის განცხადებით, არსებობს კონსენსუსი, რომ დასავლური შეიარაღება გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე და არა რუსეთზე თავდასხმისთვის

არსებობს კონსენსუსი, რომ დასავლური შეიარაღება გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე და მისი გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ მოხდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანული გამოცემა „ბილდის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, არსებობს თუ არა შეთანხმება პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომ დასავლური შეიარაღება გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე.

„ამ საკითხზე არსებობს კონსენსუსი“, – აღნიშნა შოლცმა „ბილდთან“ ინტერვიუში.

ამასთან, კანცლერი გამოეხმაურა პრეზიდენტ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთს „კვლავ ემუქრებიან გერმანული ტანკებით, რომელთა ბორტებზე ჯვრებია გამოსახული“. შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები წარმოადგენს გაუგებარი ისტორიული შედარებების ნაწილს, რომლებსაც ის იყენებს უკრაინაზე თავისი თავდასხმის გასამართლებლად.

„ვერაფერი გაამართლებს ამ ომს. რუსეთი აწარმოებს სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის ლიდერის თქმით, ბერლინმა უკრაინისთვის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ უკრაინელებმა თავდაცვა შეძლონ.