გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ოლაფ შოლცი უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, რომელმაც გერმანიის მთავრობის მეთაურს მოუწოდა „გლობალური ცვლილებებისა და არასტაბილურობის პერიოდში“, ბერლინსა და პეკინს შორის თანამშრომლობა განმტკიცდეს.
როგორც „როიტერი“ წერს, ლიდერები შეხვედრის დროს უკრაინაში მიმდინარე ომსა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე იმსჯელებენ. როგორც გერმანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ჩინეთის ლიდერებთან ევროპისა და პეკინის ურთიერთობებზე, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური შიმშილის დაძლევის თემებზე ისაუბრებს.
გერმანიის კანცლერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელიც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ჩინეთში ჩავიდა.
შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნესდელეგაციასთან ერთად იმყოფება. ჩინეთში ჩასვლისას შოლცმა და დელეგაციის წევრებმა „კოვიდ-19“-ზე ტესტირება გაიარეს.