გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი

ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი. აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რას ეტყვის ვლადიმერ პუტინს, რომელთანაც შეხვედრა მოსკოვში 15 თებერვალს არის დაგეგმილი, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთი თავისი სამხედროებით თუ შეიჭრება უკრაინაში, ამას მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება. ასევე გერმანიის კანცლერის თქმით, სიტუაციის დასასტაბილურებლად დასავლეთის ქვეყნები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ყველა არსებული არხის გამოყენებით, როგორიცაა აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებები, ნატო-რუსეთის საბჭო, ეუთო და ნორმანდიული ფორმატი.

გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია და მისი მოკავშირეები მზად არიან, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

„ჩვენ მზად ვართ, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგათ. გვაქვს ძალიან მკაფიო შეთანხმება შეერთებული შტატების მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტისთვის და ვიქნებით ძალიან მტკიცე, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე, სრულიად ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცი გერმანიის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ 2045 წლისთვის გერმანია სრულიად დამოუკიდებელი იქნება ბუნებრივი აირის, ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტისგან, რადგან მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადავა. მისი თქმით, გერმანია აღარ გეგმავს მომავალში ბუნებრივი აირის იმპორტს და ეს ძალიან მალე მოხდება.

გერმანიის ახლად არჩეული კანცლერი პირველი ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში, სადაც დღეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართავს შეხვედრას.